არჩევნები 2020

ბარამიძე: პომპეო ერთერთ მთავარ საკითხად დააყენებს დიალოგს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ტვ პირველის ეთერში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

ბარამიძე ამბობს, რომ აშშ-ს სურს ორ მნიშვნელოვან თემასთან თავისი პოზიციის დაფიქსირება და იმის გამოკვეთა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, კერძოდ კი სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ამის მოტივად ბარამიძე ორ მიზეზს ასახელებს. პირველ რიგში მთიანი ყარაბაღში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და რეგიონში "რუსეთის მიერ პოზიციების გამაგრებას".

"რაც შეეხება მეორე მიზეზს ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც გამოიწვია კრიზისი და ჩვენი პარტნიორებისთვის სულერთი არ არის საქართველოს მდგომარეობა". - ამბობს ბარამიძე.

გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მაიკ პომპეო ვიზიტისას ერთერთ მთავარ საკითხად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს დააყენებს.

"წინასწარ გეტყვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ პომპეო სწორედ ერთერთ მთავარ საკითხად დააყენებს დიალოგს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის". - თქვა ბარამიძემ.​

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა.

პომპეო საქართველოს გარდა ოფიციალური ვიზიტებით ჩავა საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. ის შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

კომენტარები