არჩევნები 2020

თალაკვაძე: ოპოზიციამ ცესკოზე შეტევა, დიდი ალბათობით, ბიულეტენების გასანადგურებლად მოაწყო

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს, ცესკოსთან შეკრებილი ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების მიზანი ცესკოს შენობაში შესვლა და ბიულეტენების განადგურება იყო. მისი მტკიცებით, ოპოზიციას სურდა, შემდეგ გამოსულიყო და ეთქვა, რომ ეს ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. 

"პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და გააკეთეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან". - თქვა თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

მისივე თქმით, "ეს ჯგუფები პოლიციას ესროდნენ არმატურებს და ესროდნენ ქვებს", თალაკვაძის თქმით, ეს გახდა მომიტინგეების წყლის ჭავლით დარბევის მიზეზი. 

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

 

ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და აქცია პარლამენტთან ამ წუთებში, 22:00 საათის მერეც გრძელდება. 

კომენტარები