არჩევნები 2020

შსს: აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იყო ე.წ. "წიწაკის სპრეი"

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის თქმით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი მომიტინგეების დარბევისას ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა. მისი თქმით, ეს იყო ე.წ. "წიწაკის სპრეი". 

"ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი". – ამბობს საბანაძე. 

საბანაძე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დარბევისას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი. 

"საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში. 

ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და შსს-ს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეები პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებდნენ უკანონო ქმედებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი". – ამბობს საბანაძე. 

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.
 

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება.

კომენტარები