აქცია ცესკოსთან

TI: პოლიციის ქმედებები კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს

ტაბულა

"სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს" - ცესკოსთან მიმდინარე აქციის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებას ავრცელებს. TI აღნიშნავს, რომ პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ორგანიზაციის შეფასებით, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. 

"პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია, იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია, გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.

იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

სპეცრაზმმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც, რასაც უწყება უარყოფს. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა".

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები