აქცია ცესკოსთან

GDI: ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა.

GDI-ს განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი იგი მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას, ან სახელმწიფო, ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას. პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ  იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. 

"გუშინ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია. კერძოდ: 

  • ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დინამიკა არც ერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა;
  • პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონივრული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს
  • შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და ამავდროულად, ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში;
  • ამასთან, გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას.
  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლთან ერთად პოლიციამ გამოიყენა სპეციალური აირი, რომელიც სწვავს თვალებს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გაუგებარია აღნიშნული საშუალების გამოყენების აუცილებლობაც". –წერია GDI-ს განცხადებაში. 

GDI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა.

 

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

კომენტარები