არჩევნები 2020

ხოშტარია: ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ სკამებისთვის, არამედ თავისუფალი არჩევანისთვის

ტაბულა

"ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგევართ თავისუფალი არჩევანისთვის. არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს რომ უცებ აიღონ და წაგვართვან და რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით – არა". – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციის წევრები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა, განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უწყვეტად ისმის ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ და პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვდგევართ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ, შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გადმოგვცეს თავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს.

ამ თავისუფლების მთავარი აზრია, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, არჩევანი. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს თავისუფლებას და არავინ სხვა. და დღეს, სწორედ ეს 30-წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველა სათითაოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსის ვართ, ამ მონაპოვარის წინაშე, რომ არ წაგვართვან თავისუფალი არჩევანი, ყველა პასუხისმგებელი ვართ და დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია". – თქვა ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.

______________________________________________________________________________________

შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ვრცლად გაყალბების რა მასშტაბზე საუბრობს ოპოზიცია – იხილეთ აქ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები". – წერს ორგანიზაცია.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები