8 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ, იცით, დეკლარაცია ადამიანის უფლებების შესახებ - ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ, ამაზე უფრო მაღალი უფლება ადამიანის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას არავინ არავის ვერ და არ აუკრძალავს, მაგრამ, კეთილი უნდა ვინებოთ რომ ჩვენი შეკრება, ჩვენი მიტინგი იქნება თუ სხვა ტიპის შეკრება, არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ. იმ ხუთი რეკომენდაციიდან, ერთ-ერთი მთავარი არის დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ის. იმიტომ, რომ ნებისმიერი დიდი შეკრება არის მომატებული რისკი ინფექციის შემდგომი უფრო გავრცელების, მით უმეტეს, პანდემიის და ეპიდემიის პირობებში. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ, ვინც იქნებიან აქციაზე, რომ ყველამ დავიცვათ დისტანცია, ყველას გვქონდეს პირბადე და, შესაბამისად, იყოს საშუალება, რომ ხშირად დავიმუშაოთ ხელები და არ იყოს მისალმებები იმ ტიპით, რაც გვიყვარს ქართველებს, ერთმანეთთან ჩახუტება, ერთმანეთის გადაკოცნა და ა.შ." – თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნული ხუთი რეკომენდაცია არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდი თავშეყრისთვის თავის არიდება, უფრო ხშირად გარეთ ყოფნა, ვიდრე შიგნით და სანიტარიული წესრიგის დაცვა, რაც ხელების ხშირად დაბანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით საერთო აქციას გამართავენ.
გასულ 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 2 754 პაციენტი.





