არჩევნები 2020

ვაკის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ზვიად კუპრავა გაიყვანა - ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომლებსაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ. ზვიად კუპრავას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრაც სურდა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების ამსახველი მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა.

ბესიკ ლაჩაშვილი მასთან შესახვედრად არ გამოვიდა, რის გამოც, ზვიად კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა. ამას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთანაც. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

კომენტარები