არჩევნები 2020

მაჭავარიანი: შოკისმომგვრელი შედეგია, გვერჩივნა, ენმ-ს ამდენი ხმა არ აეღო და სხვას მიეღო მეტი

საქართველოს მთავრობა

"პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, იყო კონკურენტული გარემო" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე "ის შედეგი დაჯდა", რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და "არ დაგიმალავთ, არც ხელისუფლება ელოდა".

"ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც უზღუდავს მათაც არეალს და მოღვაწეობის დიაპაზონს, მოლოდინი იყო, რომ ბევრი მათგანი აიღებდა გაცილებით მეტს და ალბათ ნაციონალური მოძრაობა ნაკლებს, მაგრამ ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, რომ ამ შედეგის პრაქტიკულად მძევლები არიან ოპოზიციონერები. არ გეგონოთ, ვინმე არის ბედნიერი, ალბათ, ჩვენც გვერჩივნა, ნაციონალურ მოძრაობას ამდენი არ აეღო და მიეღო სხვას უფრო მეტი. მოხდა ის, რაც მოხდა, აისახა ჩვენი ამომრჩევლის ნება.

ამან ერთგვარად შეზღუდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობის და თამაშის დაპაზონი, იძულებული არიან, რადიკალიზმზე წავიდნენ, იმიტომ, რომ ეს შედეგი აქვს იმ რამდენიმე პარტიას, ვისაც მეტის მოლოდინი ჰქონდა" - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს კარგი არავისთვისაა, მაგრამ ამის გამო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

"დამერწმუნეთ, ყველამ იცის პოლიტიკურ ელიტაში, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს. მარტო ის კი არ არის, რომ უცხოურმა, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა თქვეს ეს. პირიქით, რომ არ გაყალბდა და სამართლიანი არჩევნები იყო, იმიტომ თქვეს იმათმა, ისინი კი არ ქმნიან რეალობას, იმათმა რეალობა ასახეს.

უბრალოდ, დაჯდა შოკისმომგვრელი შედეგი, ობიექტური, სამწუხარო. აქედან გამოსავალი, რომ ამის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძალიან ძვირი ჯდება, როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდემიოლოგიურადაც. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დარჩნენ ჩვენი ოპოზიციონერები ამ სიტუაციის მძევლები, იმიტომ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ქვეყანას და არაფრით არ შეიძლება" - თქვა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებითვე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ "არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, თითოეულ ოქმზე, თითოეულ დოკუმენტზე, რომელზეც არის პრეტენზია". მისივე აზრით, ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს პრინციპული.

"იმიტომ, რომ არ მისცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის უმეტესობა არ არის მომხრე, შინაგანად არ არის თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციის. ნაწილი არის, რომელიც წამსვლელია უფრო მძიმე ნაბიჯებზე და თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს, ხელისუფლების ვალია, ყოველთვის ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები" - თქვა მაჭავარიანმა.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.
 

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები