არჩევნები 2020

ცესკო: 3 გადასატანი ყუთის მონაცემი გაბათილდა, 9 შემთხვევაში შედეგი გასწორდა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადათვლების შედეგად 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები გაბათილდა, ხოლო 9 შემთხვევაში შედეგი გასწორდა.

მათივე ცნობით, ხმები 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაითვალეს, 13-ში განცხადება საჩივრების საფუძველზე, 2-ში კი საკუთარი ინიციატივით. 

"შესაბამისი გადაწყვეტილებით, 11-მა საოლქო-საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულის, ასევე, მაჟორიტარულ შემთხვევაში, გასწორდა შედეგები. ასევე, აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი. 

თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგებლები, ისე შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები." - თქვეს ბრიფინგზე. 

ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა 01.01.18 უბანზე ხმები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს და აღმოჩნდა, რომ "ყველაფერი წესრიგში იყო."

"თუმცა, მიღებული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით და განკარგულებით მოხდა მისი გასწორება. ასევე, განკარგულებით მოხდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორება." - ამბობენ ბრიფინგზე. 

ასევე, ცესკოს ცნობით, ისანში ერთი სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები გადათვალეს - მაჟორიტარულ ნაწილში შედეგები გაბათილდა, ხოლო პროპორციულში გასწორდა. დიდუბეში კი, მათივე ინფორმაციით, 25-ე უბნის შედეგები გადაითვალა და შემაჯამებელ ოლქში მონაცემები უცვლელი დარჩა.  

ცესკოს ინფორმაციით, საჩივრების ნაწილი უფლებამოსილი პირების მიერ არ იყო წარდგენილი.  

"შესაბამისად, კანონდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ ჰქონდათ მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები. თუმცაღა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა რიგ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით მოახდინეს შესაბამისი რეაგირება სიჩივრებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით." - თქვენ ბრიფინგზე.   

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების მიერ გამართულ აქციებზეც ისაუბრეს. ცესკოს ინფორმაციით, "სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ."  

"რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, იციან სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთან, მათ ყველას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას, მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას." - თქვეს ბრიფინგზე. 

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად გუშინ, 4 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები აქციებს მართავდნენ. ოპოზიციის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც არ მიეცათ. აქციებზე სულ 12 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის, მათგან 5 გათავისუფლდა. 

საჩივრების განხილვას გამოეხმაურნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და დემოკრატიული არჩევნები. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებდნენ. ისინი მოუწოდებდნენ საოლქო კომისიებს, გადაეთვალათ რაც შეიძლება მეტი ოლქის ბიულეტენი "და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე." 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები