არჩევნები 2020

TI და ISFED: საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებენ

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებენ. 

მათივე ინფორმაციით, TI-სა ISFED-ის მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს. ორგანიზაციების ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ.

"საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ჩაინიშნა და სხდომაზე დაიბარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ჩვენი დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე დღეს 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა." - წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა. სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, სადაც დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის.

"მოვუწოდებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე." - წერია განცხადებაში. 

ცესკოს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი უბნის შედეგები და საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის, ხულოსა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრებს განიხილავენ. პარალელურად, ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციებს მართავენ. ოპოზიციის ლიდერები ითხოვდნენ, კომისიის სხდომას დასწრებოდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.

დაპირისპირება მოხდა ისანსა და საბურთალოზე. ისანში ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანი დააკავეს, საბურთალოზე კი - 3.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები