არჩევნები 2020

ცესკო: საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის უბნების შედეგები უცვლელი დარჩა

ცესკო

"საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი უბნის შედეგები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის, ხულოსა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები". – ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, საჩივრების განხილვა დასრულებულია ვაკის, მთაწმინდის, ისნის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის ოლქებშიც, თუმცა, გადაწყვეტილებებს ცესკო ხვალ გამოაცხადებს. 

"საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი უბნის შედეგები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად, ასევე, უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტინები, თუმცა ამ პროცედურების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ, დილით განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას". –ამბობს კალანდარიშვილი. 

ცესკოს ინფორმაციით, საჩივრების განხილვის პროცესი 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. 

საოლქო კომისიებთან, საჩივრების განხილვა, ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

კომენტარები