არჩევნები 2020

კობახიძე საოლქო კომისიებთან აქციაზე: ეშინიათ დაზუსტების, იციან, რასაც აპროტესტებდნენ ფარსია

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, საოლქო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები დასტურია იმის, რომ ოპოზიციის წევრებს ეშინიათ შედეგების დაზუსტების, რადგან იციან, რომ მათი პროტესტი ხმების გაყალბებასთან დაკავშირებით ფარსია. 

კობახიძის თქმით, ოლქებში ხმების ხელახლა გადათვლის პროცედურა უპრეცედენტო შემთხვევაა და მსგავსი რამ ქართული არჩევნების ისტორიაში არ მომხდარა. მისივე თქმით, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭირვალობას მოწმობს. 

"ამ პროცესზე დასწრების საშუალება აქვს ყველა შესაბამის სუბიექტს, მათ შორის არიან შესაბამისი კომისიის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭირვალე და სწორედ ამ გამჭირვალე პროცესის საფუძველზე ხდება მონაცემების დაზუსტება. 

რაც შეეხება იმ აქციებს, რომლებიც ტარდება საოლქო კომისიების წინ, ეს მოწმობს იმას, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, გამომდინარე იქიდან, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცესკოს მიერ. გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებენ, იყო სრული ფარსი. აქედან გამომდინარე, ისინი ახორციელებენ დესტრუქციას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რეალურად არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და დაზუსტებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფერს აჩვენებს". – ამბობს კობახიძე. 

ის მოუწოდებს ოპოზიციის ლიდერებს, გამოავლინონ ისეთი პოლიტიკური კულტურა, "როგორიც შეშვენის ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო". 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. 

საბურთალოს საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას ერთიანი საქართველოს სამი წევრი დააკავეს. 

საბურთალოს საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას ერთიანი საქართველოს სამი წევრი დააკავეს. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება – 48.15%

ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14

ევროპული საქართველო – 3.78%

ლელო – 3.15%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%

პატრიოტთა ალიანსი – 3.14%

გირჩი – 2.86%

მოქალაქეები – 1.33%

ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომლელომლეიბორისტულმა პარტიამგირჩმაენმ-ძალა ერთობაშიამსტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები