არჩევნები 2020

ჭანკოტაძე: აქტივისტის მანქანაში ელექტროშოკი იპოვეს, სახელმწიფო გადატრიალების ედავებიან

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ერთ-ერთი აქტივისტის მანქანაში პოლიციელებმა ელექტროშოკი იპოვეს და საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრა. 

"ამ ადამიანს დღეს აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე და მუხლი არის სახელმწიფო გადატრიალება. იყო დაბარებული სუს-ში, ჩვენი იურისტი გაჰყვა და მოითხოვა დაკითხვა სასამართლოს წესით.  

31 ოქტომბერს, როცა რუსთაველზე ჩვენ ვზეიმობდით ჩვენს გამარჯვებას, ეს ხალხი, ჩვენი აქტივისტები, იყვნენ ჩვენთან ერთად. ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები, ოჯახის წევრები, რუსთაველის გამზირზე ვიყავით და ვზეიმობდით ჩვენს გამარჯვებას. იყო ჩხრეკა ჩატარებული ჩვენი ბიჭების, ჩვენი ბიჭების მანქანების, აქედან 1 მანქანა საერთოდ იყო წაყვანილი, მიტაცებული. სადღაც იყო გადაყვანილი, ვერ გავიგეთ. 3 მანქანა გაჩხრიკეს, იპოვეს 1 ელექტროშოკერი და ამის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა, რომ ეს ბატონი აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას. 

ცდილობენ ჩვენი აქტივისტების, ჩემი ნათესავების, ძმაკაცების, ახლობლების დაშინებას, რომ არ გამოვიდეთ ქუჩაში, არ გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი. ვინც გააკეთა 31 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება, ეს ხალხმა კარგად იცის. ეს არის ქართულ-რუსული, ქურდული ოცნება, რომელმაც მოიპარა არჩევნები". – ამბობს დევი ჭანკოტაძე ბრიფინგზე. 

ჭანკოტაძის შეფასებით, გამოძიების დაწყება პარტიული დავალებაა, რადგან ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "დევი ჭანკოტაძის ახლობელი ზონდერები" შეიარაღებულნი იყვნენ. 

"არ იყიდოთ, ხალხო, ელექტროშოკები, არ იყიდოთ გაზის აეროზოლები, მალე იქამდე მივალთ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ერთჯერადი დანა-ჩანგალი, შეიძლება, მეორე დღეს სახელმწიფო გადატრიალება დაგაბრალონ. ელექტროშოკი იყიდება ყველა მაღაზიაში". – ამბობს დევი ჭანკოტაძე. 

ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის არჩევნებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებისთვის ელექტროშოკები ჰქონდა მომზადებული. 

"ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული". – თქვა კობახიძემ. 

კომენტარები