არჩევნები 2020

მელიას ადვოკატი: სამართლებრივ აბსურდში არიან, მას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის მოთხოვნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდოს და საზღვრის კვეთა აეკრძალოს, სამართლებრივი აბსურდია.

"ნიკა მელიას შეფარდებული აქვს გირაო, შეფარდებული აქვს დამატებითი ღონისძიებები: სამაჯურის ტარება, შინიდან არ გასვლა, საზღვრის არ გადაკვეთა, პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, საჯარო სიტყვით არ გამოსვლა და ასე შემდეგ. პირველივე დღიდან ეს იყო ფიქცია. თუ შედიხარ და ითხოვ ღონისძიების დამძიმებას, ნიშნავს პირის პატიმრობას. სამართლებრივ აბსურდში არიან შესული, ადამიანს გირაო ისედაც შეფარდებული აქვს, პასპორტი ჩამორთმეული აქვს და საზღვრის გადაკვეთა ისედაც შეზღუდული აქვს". – თქვა მან.

მისივე თქმით, პროკურატურა ამით ცდილობს, რომ საზოგადოების თვალში ამ საქმეზე "ვითომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს".

"რომ არ გამოჩენილიყვნენ საზოგადოების თვალში, აი, საერთოდ რეაგირება არ მოვახდინეთ, მოითხოვეს დამძიმება, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდიან კანონის მოთხოვნებთან". – თქვა მან.

გენერალური პროკურატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

უწყებამ უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, პროცესი 3 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. 

პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები