არჩევნები 2020

უდუმაშვილი: "ოცნება" მარცხს გრძნობს, ზონდერ-ჯგუფებს და სუს-ის წარმომადგენლებს ააქტიურებს

ტვ პირველი

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებზე მოხდა.

"ქართული ოცნება, გრძნობს რა გარდაუვალ მარცხს, უკვე ძალიან ააქტიურებს ზონდერ-ჯგუფებს და სუს-ის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ პოლიცია არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და პოლიცია ჩართულია ამ ძალიან მძიმე პროცესში." - ამბობს უდუმაშვილი.

ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, სამგორის 39-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა კი არაფერი მოიმოქმედეს. მისივე თქმით, გლდანში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დამკვირვებელს თავს დაესხა, კრწანისის მე-8 უბანში კი ამომრჩეველს ფულს გადასცემენ.  

"ქართულ ოცნებას რესურსი აღარ გააჩნია, რომ ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე, აღარ ემორჩილებათ მათ უკვე არც მათი მხარდამჭერები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნების მარცხი დღევანდელ არჩევნებში არის გარდაუვალი.  

მე მინდა, ყველა საჯარო მოხელეს და კომისიის ყველა წევრს შევახსენო, რომ ნებისმიერი გაყალბების ფაქტი არის დანაშაული და სისხლისსამართლებრივად დასჯადია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, მიდით არჩევნებზე, იაქტიურეთ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება საღამოს 8 საათზე. ჩვენ შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და იქ აღვნიშნავთ ჩვენს გამარჯვებას." - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 292 587 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 8.33%-ს შეადგენს.

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020

კომენტარები