არჩევნები 2020

"არ შევქმნით კოალიციას ქართულ ოცნებასთან" – ოპოზიციურმა პარტიებმა პაქტი გააფორმეს

ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. 

პაქტი

"ქვემორე ხელმომწერი პარტიები, ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ:

  • მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით;
  • ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების პროცესში;
  • ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით;
  • "ნორმალიზების პოლიტიკის" საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით;

ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არცერთ მოცემულობაში არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ". 

პაქტს ხელს აწერენ: 

  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო
  • ევროპელი დემოკრატები
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო
  • რესპუბლიკური პარტია
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • მოძრაობა ხალხისთვის
  • ლეიბორისტული პარტია

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს, თუ რომელი პარტია არ აპირებს მმართველ გუნდთან კოალიციის შექმნას.

"აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტიები არ გავუფორმებთ კოალიციას ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება დარჩება მარტო. მეორე გზავნილი არის ის, რომ, მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რომლებიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ფუნდამენტურ საკითხებზე – ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა". – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე შეთანხმებაზე ხელის მოწერას "სიმბოლურს" უწოდებს. 

"მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნა გაუფორმოს, როდესაც ისინი დამარცხდებიან. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. უბრალოდ, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მოვიდე და ღიად და საჯაროდ ჩემს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მზად ვართ, ვიტვირთოთ აღმშენებლობის ტვირთი". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020

კომენტარები