არჩევნები 2020

ვაშაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მზად ვართ, სამი დიდი კოლაფსისგან ვიხსნათ ქვეყანა

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ელაპარაკა.

"თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ, განსაზღვროთ საქართველოს მომავალი არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ განსაზღვროთ შემდგომი ათწლეულები, თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ წავალთ წინ თუ წავალთ უკან, დავიწყებთ ახალი განვითარების ეტაპს თუ ჩავიძირებით ღრმა ჭაობში. ახლა თქვენს ხელშია ეს გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა,” – განაცხადა გიორგ ვაშაძე და განსაკუთრებული მადლობა ისნელებს გადაუხადა.

"ეს ნდობის ველი იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ღირსეული ადგილი, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი. აღმშენებლობა - ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ დაპირისპირების საპირწონედ გთავაზობთ" – თქვა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამი დიდი კოლაფსური სიტუაციაა - ეკონომიკური, კრიმინოგენური და კორონა-კოლაფსი.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ კოლაფსიდან გამოვიყვანოთ სამივე მიმართულებით ქვეყანა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და შევზღუდოთ კორონავირუსის განვითარება, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. დამერწმუნეთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს, არის, შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა... დამერწმუნეთ, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი 31 ოქტომბერს თქვენს ხელშია და არა ივანიშვილის“ – მიმართა ვაშაძემ მხარდამჭერებს.

კომენტარები