ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 29 074, კოვიდ-სასტუმროებში – 2 346, ბინაზე 11 809 პირი მკურნალობს

CNN

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში თვითიზოლაციაში 29 074 [თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024] ადამიანი იმყოფება, 11 809 პირი კი მკურნალობს ბინაზე, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 346 ადამიანია მოთავსებული, მათგან 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მეზვრიშვილის ცნობით, ახალი კორონავირუსის 18 364 აქტიური შემთხვევიდან 511 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 255 თბილისში მკურნალობს, 7 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 128 პაციენტი იმყოფება, 70 – თბილისში, 22 – აჭარაში.

დღეს, 29 ოქტომბერს, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან თბილისში 445 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში  – 437, იმერეთში  – 388. ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტებიდან 7 თბილისში მკურნალობდა, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 35 567 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები