არჩევნები 2020

ეკონომიკური ვარდნა და პანდემია - ბოკერია სააკაშვილს და ივანიშვილს დებატებში იწვევს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკისა და პანდემიის თემაზე დებატებში იწვევს. მისი თქმით, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება ევროპულ საქართველოსთან ლიდერების დონეზე დებატებზე უარს ამბობს. 

"ამ თემაზე ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებს, არც თვითონ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, არც მის პოლიტიკურ თოჯინას, პრემიერ გახარიას, არც ერთ დებატებში ევროპულ საქართველოსთან მონაწილეობა არ მიუღია, არც ხედვა დაუდიათ, იმ შემთხვევაში თუ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, რა ნაბიჯებს გადადგამდნენ ამ მიმართულებით, უბრალოდ, იგნორირებას აკეთებენ ამ უზარმაზარი გამოწვევის, რასაც ეკონომიკური ვარდნა და პანდემია ჰქვია.

არც ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენს მთავარ კონკურენტს ოპოზიციის შიგნით, მის ლიდერს პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს, არც თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს, არც ერთ დებატებში არ მიუღიათ მონაწილეობა ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ეკონომიკას და პანდემიასთან დაკავშირებულ მძიმე გამოწვევებს, საერთოდ, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ და სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ლიდერების დონეზე დებატებში მონაწილეობაზე თქვა უარი". – თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ არც ახლაა გვიან.

"ჩვენ, ევროპული საქართველო, რომელსაც გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც უნდა მოხდეს პანდემიის და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მზად ვართ, ამ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს სჭირდება საზოგადოებას, თუნდაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ იცოდეს, როგორც ამ კატასტროფის შემოქმედის, ივანიშვილის გუნდის ხედვა, ისე სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის და მისი პერსონალური ლიდერების ხედვა, რომლებიც წარსულში იყურებიან და ევროპული საქართველოსი, რომელსაც მწყობრი ხედვა აქვს, გეგმა როგორია და საზოგადოებამ უნდა იხილოს, რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა ასეთი გამოწვევების დროს". – განაცხადა ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა კანდიდატმა.

გიგა ბოკერიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტიის ინფორმაციით, ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ ისევ ე.წ ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს და ირაკლი კობახიძის უარყოფა არაფერს ნიშნავს.

"ამ ხალხის, ივანიშვილის ყველა სპიკერის სიტყვა არის ნული, ჩვენი მონაცემებით, ისინი ამ პანიკურ ვითარებაში, როცა არც მოემზადნენ მეორე ტალღისთვის და არანაირი ნაბიჯი არ გადადგეს, მაშინ როცა ქვეყანა ჩაკეტილი ჰქონდათ, განიხილავენ ისევ იმ გაუაზრებელ პანიკურ ჩაკეტვას, ე.წ ლოქდაუნს, რომელიც ამ მთავრობის პირობებში, არათუ არ მოუტანს შვებას ქვეყანას, არამედ უზარმაზარი და უმძიმესი დარტყმა იქნება ყველა მოქალაქისთვის". – ამბობს ბოკერია.

კომენტარები