არჩევნები 2020

ნათელაშვილი ცესკოსთან: ხელისუფლებამ მსოფლიოს აჩვენა, როგორ აპირებს არჩევნების ჩატარებას

"ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ აპირებს არჩევნების ჩატარებას". – ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების დაკავებას. ცესკოსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერები მივიდნენ.

"გადაასწრო ლუკაშენკოს, ლუკაშენკომ მოწინააღმდეგეთა დაჭერა, დაპატიმრება, ცემა, დაზიანება დაიწყო არჩევნების შემდეგ და ივანიშვილმა არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე. ეს ერთი მხრივ კარგია, გაიგო მსოფლიომ, ვისთან გვაქვს საქმე.

ნაცვლად იმისა, ჩვენი პოლიციის შესანიშნავი წარმომადგენლები დაკავებულები იყვნენ დამნაშავეთა დაძებნით, მოქალაქეების უსაფრთხოებით, კრიმინალთან ბრძოლით, მათ აცდენენ პოლიტიკურ ამბებზე და ამორიგევებენ ამ გაყალბების ცენტრალურ ორგანოსთან, რომლისგანაც, თუ ისე გააგრძელეს, როგორც აპირებენ და რაც დღეს ქნეს, არაფერი აღარ დარჩება ხალხის რისხვის შედეგად". – განაცხადა ივანიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების აქცია ცესკოსთან 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურთ, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. სამი აქტივისტი შეუძლოდ გახდა, კიდევ სამი - წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 20:00-ზე ამოიწურა. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო, შემდეგ დრომ 24 ოქტომბრის 14:00-მდე გადაიწია, მოგვიანებით კი, ევროპული საქართველოს მოთხოვნით ცესკომ რეგისტრაციის ვადა დღის ბოლომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები