არჩევნები 2020

ცესკოსთან პოლიციასა და ახალგაზრდა ლეიბორისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

TV Pirveli

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"ცხოველებივით ექცევიან ადამიანებს, 16-17 წლის ბავშვები ფეხებით გამოათრიეს, გვაკავებენ იმიტომ, რომ ვითხოვდით თამარ ჟვანიასთან შეხვედრას". – ამბობს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, ბექა ნათელაშვილი. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილიდან აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. ჯერჯერობით, უცნობია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიიდან განარიდეს.

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების აქცია ცესკოსთან 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურთ, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს.

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 20:00-ზე ამოიწურა. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო, შემდეგ დრომ 24 ოქტომბრის 14:00-მდე გადაიწია, მოგვიანებით კი, ევროპული საქართველოს მოთხოვნით ცესკომ რეგისტრაციის ვადა დღის ბოლომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები