არჩევნები 2020

ნადირაშვილი: ოცნება შსს-ს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს და არა კრიმინალთან საბრძოლველად

ტაბულა

ევროპული საქართველოს რუსთავსა და გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ,  მომატებული კრიმინალი გასაკვირი არ არის. 

ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ამის შემდეგ კი ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს.

„ფაქტი ერთია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც და სუს-იც - ეს არის პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში. ისინი არ ასრულებენ თავის მთავარ მოვალეობას, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა, ისინი ჩართული არიან არჩევნებში და სუს-ით და პოლიციით თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვიან. ამას მოჰყვა ინსტიტუტების ჩამოშლა, ამას მოჰყვა კრიმინალის აფეთქება.

რაც მოხდა ზუგდიდში, ეს იყო პირდაპირ წახალისება ძარცვის, ყაჩაღობის და ახალი ტალღა, რაც ზუგდიდის მოვლენებმა გამოიწვია საერთოდაც არ არის გასაოცარი. შესაბამისად, სულ რამდენიმე დღე დარჩა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის და ამის შემდეგ ის ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს". - ამბობს ნადირაშვილი. 

გუშინ, 23 ოქტომბერს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები, ქართული ოცნების დავალებითა და წინასაარჩევნო მობილიზების მიზნით, რეგიონებში იმყოფებიან. მათ გაავრცელეს სატელეფონო საუბარი, სადაც შსს-ს თანამშრომელს მთავარი არხის ჟურნალისტი ქართული ოცნების წარმომადგენლად ეცნობა და ეკითხება, თუ ჩავიდა უკვე რეგიონში, რაზეც ის პასუხობს: "აქეთ ვარ, ნორმალური სიტუაციაა, მთალად ძალიან სახარბიელო არა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება და მაქსიმალურად ვიყენებთ რესურსს".

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Fake News უწოდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები