არჩევნები 2020

კუჭავა: ქართული ოცნების მთავარი დაპირებაა 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა და პარტია ქართული ოცნების საგარეო მდივანმა კახა კუჭავამ რადიო Fox-თან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნების მთავარი დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის, რომ 2024 წელს საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე.

"დემოკრატია დანიშნულების ადგილი არაა, ის მოგზაურობაა. უნდა გავაგრძელოთ უკეთესი სტანდარტების დანერგვა ბევრი მიმართულებით. არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ამის თქმისგან შორს ვართ, მაგრამ არის გაუმჯობესების გზები და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, აჩვენებს, რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენ უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენთვის, რაც პოლიტიკურ დაპირებად ვაქციეთ ახლახანს 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ავამაღლოთ სტანდარტები, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები და მოვიყვანოთ ჰარმონიაში კანონები ევროკავშირის მითითებებთან". - თქვა მან.

წამყვანმა კახა კუჭავას შეახსენა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Reporters without borders ქართული ოცნება მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო გააკრიტიკა, რაზეც მან უპასუხა:

"ბევრი ფაქტორია, რომელიც რეალობას ასახავს. უნდა შევაფასოთ მთლიანი სურათი და არა ერთი ან ორი კონკრეტული კომენტარი. მე მათ არ ვეთანხები იმის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ. რა იყო და რა არის ახლა."

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკის პროგრამა ჯერ კიდევ არ წარუდგენია.

კომენტარები