სპეცოპერაცია ზუგდიდში

"გამოძიებას ხელს შეუშლის" - შს მინისტრი არ ამბობს, ყაჩაღი იდენტიფიცირებულია თუ არა

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა მინისტრი არ ამბობს, იდენტიფიცირებულია თუ არა ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ყაჩაღი, რომელსაც 43 მძევალი ჰყავდა. ის ასევე არ ამხელს, გასულია თუ არა თავდამსხმელი საქართველოს ტერიტორიიდან.

"დიდი ბოდიშის მოხდით, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, გამოძიება მიდის, მაშინ უნდა გამოვიტანოთ და ღია ეთერში დავიწყოთ...ვერ გეტყვით ამას". - ამბობს გომელაური.

კითხვაზე, გამოძიებას შეუშლის ხელს იმის თქმა, იდენტიცირებულია თუ არა? - შს მინისტრი პასუხობს - "რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის, არ იცით, რომ ხელს შეუშლის? გამოძიების თემაა ნამდვილად".

ვახტანგ გომელაურის თქმითვე, ჯერ ვერ დაადასტურებს თანამზრახველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება იქ 10 ადამიანი ყოფილიყო დამნაშავის თანამზრახველი 43 ადამიანში. ვერავინ ვერ იტყვის ამას იყო, თუ არ იყო.

გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება დავით ხვიბლიანს, ის იყო მძევალი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ
გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. ჩვეულებრივად
გამოძიება მიდის", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები