ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი პირბადეებზე: თუ დავინახავთ, რომ ზომების გამკაცრება გვჭირდება, გავაკეთებთ

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პირბადეების ტარების წესების დარღვევისთვის ზომები გამკაცრდეს, თუ ეს საჭირო გახდება. "საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა" – ამბობს მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ნათია მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

"პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე სიარულისთვის. თუმცა, ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ უნდა აგვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც". – თქვა მეზვრიშვილმა.

დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. 

აღრიცხული შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 1 194 შემთხვევიდან, 425 თბილისში აღირიცხა, 372 – იმერეთში, 193 – აჭარაში, გურიაში – 21, სამეგრელო ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9 და სამცხე ჯავახეთში – 9.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები