კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ინფექციურში COVID-19-ით ინფიცირებული 1 თვის ბავშვი გვყავს, მდგომარეობა სტაბილურია

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 თვის ბავშვი მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. 

"კლინიკაში ამ დროისთვის 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 მკურნალობას რეანიმაციაში გადის, 3 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა. 

ასევე გვყავს 1 თვის ბავშვი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია". – თქვა ენდელაძემ. 

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 469 თბილისში გამოვლინდა , 360 – აჭარაში, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა მთიანეთში – 14, სამცხე ჯავახეთში – 7. 

ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები