ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის საყოველთაო არჩევნებში არდერნის ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ახალი ზელანდიის საყოველთაო არჩევნებში პრემიერმინისტრ ჯასინდა არდერნის ცენტრისტულ-მემარცხენე იდეოლოგიის ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. მან ხმათა 49.1% მოიპოვა.

ის მთავრობას სამი კვირის განმავლობაში შექმნის. 

არდერნი, ჯერჯერობით, არ ამბობს, მთავრობას მარტო, ერთპარტიულად შექმნის თუ კოალიციაში შევა რომელიმე პარტიასთან.

ეს 50 წლის განმავლობაში ლეიბორისტული პარტიის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. 

არჩევნებს მეტწილად აღიქვამენ Covid-19-ზე არდერნის აგრესიული პოლიტიკის გატარების რეფერენდუმად. 

პარლამენტში 120 ადგილიდან ლეიბორისტებს 64 ადგილის დაკავება შეეძლებათ.

არდენს გასული სამი წლის განმავლობაში მწვანეებთან და ნაციონალისტებთან ჰქონდა კოალიცია შექმნილი. 

"მე მწვანეებს ვუთხარი, რომ მომდევნო კვირაში მათ დაველაპარაკები. ამ დროისთვის დასკვნების გამოტანა არ მინდა". – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა. 

მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით მეტი, ხმათა 7.6% მოიპოვეს. 

მაორის პარტია, რომელიც ძირძველ თემს წარმოადგენს, ამ მოწვევის პარლამენტში დაბრუნდება.

ოპოზიციურმა, ნაციონალურმა პარტიამ ხმათა 26.8% მოიპოვა (35 ადგილი).

ნაციონალური პარტიის ლიდერმა, ჯუდით კოლინსმა, მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მემარცხენე მთავრობის მოსვლის შემთხვევაში, ეს მეტ გადასახადებს და ბიზნესისთვის მტრულ გარემოს მოიტანდა. არდერნმა პირობა დადო, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანებს გადასახადებს გაუზრდის, ხოლო კოლინზი მოსახლეობას გადასახადებს მოკლევადიან შემცირებას დაჰპირდა.

კოლინსმა არდერნს გამარჯვება მიულოცა და პირობა დადო, რომ მისი პარტია ძლიერი ოპოზიცია იქნება. "სამი წელი თვალის დახამხამებაში გავა. ჩვენ დავბრუნდებით".

ახალ ზელანდიაში არჩევნები აგვისტოში ერთი თვით გადადეს კორონავირუსის ინფიცირებით ახალი შემთხვევების გაზრდის შემდეგ. ამის შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მეორედ ჩაკეტეს.

არდერნმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებდნენ.

ახალ ზელანდიაში საზღვრები კვლავ ჩაკეტილია, ტურიზმი გაჩერებულია, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩაკეტვას ხანგრძლივი რეცესია მოჰყვება.

17 ოქტომბერს ასევე გაიმართა რეფერენდუმი მარიხუანის რეკრეაციული მოხმარების და ევთანაზიის ლეგალიზაციაზე. რეფერენდუმის შედეგები 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ახალ ზელანდიაში მარიხუანის მოხმარებას და გაყიდვას საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს, ურუგვაის და კანადის შემდეგ ეს იქნება მესამე ქვეყანა, სადაც მარიხუანის მოხმარება და გაყიდვა ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვები იქნება.

კომენტარები