ახალი კორონავირუსი საქართველოში

ლოკომოტივისა და იუნკერების მორაგბეებს COVID-19 დაუდასტურდათ

საქართველოს რაგბის კავშირი

თბილისის ლოკომოტივისა და კიკეთის იუნკერების მორაგბეებს COVID-19 დაუდასტურდათ. შედეგად გადაიდო დიდი 10-ის მეორე ტურის ორი მატჩი.

კიკეთის იუნკერები და თბილისის ლოკომოტივი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და, შესაბამისად, პირველი რუსთავში ხარებთან, ხოლო მეორე თბილისში ლელო-სარასენსთან ვერ ითამაშებს.

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, პირველი ლიგის ერთი გუნდიც ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. "ა" ლიგის ბათუმის გუნდიც ანალოგიურ სიტუაციაშია.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულ მორაგბეებს შორის არ არიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.  

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, COVID-19-ის პრევენციული ზომების მიხედვით, გუნდში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ეს გუნდი ტოვებს მომდევნო კალენდარულ მატჩს, რომელიც გაიმართება პირველსავე უქმეებზე, როგორც კი კალენდარში "ფანჯარა" გამოჩნდება. გუნდი გადადის კარანტინში ან თვითიზოლაციაში და აქვს უფლება, გააგრძელოს ვარჯიში მცირე ჯგუფებად. თუ 12 დღის გასვლის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრება, ის ორი კვირის შემდეგ ითამაშებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები