ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული მედიამაგნატის ოფისი პოლიციამ დაარბია

ჯიმი ლაი
CBC

15 ოქტომბერს ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული მედიამაგნატის, ჯიმი ლაის პირადი ოფისი პოლიციამ დაარბია

ის 10 აგვისტოს ახალი ეროვნული უშიშროების კანონით უცხოურ ძალებთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს

ლაის თქმით, პოლიცია არ დაელოდა ოფისში მისი ადვოკატების მისვლას და იქ არსებული დოკუმენტები წაიღეს.

"მათ უბრალოდ უნდოდათ წაეღოთ რაიმე, რითაც დამიპირისპირდებოდნენ," - თქვა ჯიმი ლაიმ სასამართლოსთან. სასამართლოში ის მოსმენებისთვის მივიდა მიმდინარე წლის 4 ივნისს უკანონო შეკრებაში მონაწილეობის ბრალდების გამო. ამ დღეს ჰონგ-კონგელი აქტივისტები 1989 წლის პეკინის თიენანმენის ჟლეტაში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, თუმცა მიმდინარე წელს პანდემიის მიზეზით შეკრება აკრძალეს. 

"ეს არ არის კანონის უზენაესობა. მათ უბრალოდ ყველაფერი წაიღეს" - განაცხადა მან. 

ლაის დაკავების შემდეგ პოლიციამ მისი პირადი იახტა, მისი ანტისამთავრობო მედია Apple Daily გაჩხრიკა. ჯიმი ლაისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 

ლაი არაერთხელ ჩავიდა ვაშინგტონში ჰონგ-კონგისთვის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, სადაც ამერიკის ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. პეკინი მას "მოღალატედ" მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები