საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

ადვოკატი: დავით ხიდაშელის ინტერვიუ მის ჩვენებას ეწინააღმდეგება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის ადვოკატის შეფასებით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და საჯაროდ გაკეთებული განცხადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ხიდაშელმა გამოძიებას უთხრა, რომ ბეჟან მაისურაძემ დაავალა 1937-38 წლების კარტოგრაფიული რუკის მოძიება, ინტერვიუში კი ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააკეთა.

"ხიდაშელის გუშინდელი ინტერვიუ წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასთან. ის გარკვეულ ფაქტებს სხვაგვარად ამბობს ჩვენებაში, რაც არის ფიცის ქვეშ მიცემული და რაც სახელმძღვანელო დოკუმენტია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ იგი საჯარო განცხადებებში აკეთებს სულ სხვა განცხადებებს, მათ შორის რუკის მოძიების დაწყების ფაქტთან დაკავშირებით“. –თქვა მარიკაშვილმა და აღნიშნა, რომ რეალური, იურიდიული დოკუმენტები სხვა რამეს ამბობს, ხოლო „კოლექციონერების ჩვენებები“ - სულ სხვას.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლებში გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი 2014 წელს სამთავრობო დონეზე, მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც განიხილეს. გარდა ამისა, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა დაკავებულს ედავება, მას 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. სწორედ წელიწადნახევრის წინ დატოვა ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა. მისივე ცნობით, ილიჩოვამ პროკურატურას 4 სექტემბერს თავადვე უთხრა, რუკა სადაც ინახებოდა.

საყურადღებოა, რომ პროკურატურა, ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი ყურადღებას დავითგარეჯაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ საქმე სწორედ სამონასტრო კომპლექსის სავადო მონაკვეთებს ეხება, თუმცა, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის განმარტებით,დაკავებულებს ბრალი არ ედებათ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიორგი მშვენიერაძის თქმით, დავითგარეჯას მონაკვეთი არც ექსპერტთა ჯგუფის და არც სახელმწიფო კომისიის მიერ არ არის შეთანხმებული და შესაბამისად, ბრალდებაში დავითგარეჯა ნახსენები არ არის.

კომენტარები