კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ახალ, 3-დონიან სისტემას შემოიღებენ

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა COVID-19-ის ახალი, სამ დონიანი შეზღუდვების სისტემა წარადგინა. სისტემა რომელიც COVID-19-ის გავრცელების რისკებს სამ დონედ აფასებს - მაღალი, საშუალო და ძალიან მაღალი, ჯონსონის თქმით, ქვეყანას საშუალებას მისცემს გაამარტივოს შეზღუდვებთან დაკავშირებული წესები და თავიდან აირიდოს სრულმასშტაბიანი კარანტინი.

ჯერჯერობით, შეზღუდვების მესამე დონე მხოლოდ ერთ რეგიონს, მერსისაიდს შეეხო. მერსისაიდის რეგიონშია ქალაქი ლივერპული. დაიხურა ბარები და რეგიონი სავარჯიშო დარბაზების, გასართობი ცენტრების, კაზინოებისა და აზარტული თამაშების ცენტრების დაკეტვისთვისაც მზადაა.

"ჩვენ ასე არ გვსურს ცხოვრება, მაგრამ ეს არის ის ვიწრო ზღვარი სრულმასშტაბიანი კარანტინის სოციალურ და ეკონომიკურ ტრავმასა და უკონტროლო პანდემიის დიდ ადამიანურ და ეკონომიკურ საზღაურს შორის". - თქვა ბორის ჯონსონმა.

ქვეყნის მასშტაბით რეგიონების უმეტესობა შეზღუდვების პირველ დონეზე დარჩება. შენარჩუნდება გასულ თვეს შემოღებული შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც 6 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია და ბარები და რესტორნები საღამოს 10 საათზე იკეტება.

მეორე დონის შეზღუდვების შემოღება მოსალოდნელია იმ რეგიონებში, რომელშიც უკვე ძალაშია ადგილობრივი საკარანტინო ზომები და მოხდება ამ ზომების სტანდარტიზაცია. აიკრძალება დახურულ სივრცეში ოჯახის წევრების გარდა სხვა ჯგუფების შეკრება და ღია სივრცეში აკრძალული იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

შეზღუდვების ყველაზე მაღალი მესამე დონე მერსისაიდის რეგიონს შეეხება. პირველი და მეორე დონის შეზღუდვებზე დამატებით მესამე დონის ფარგლებში აიკრძალება სხვადასხვა ოჯახებისა და მეგობრების წრეების შეკრება დახურულ და ღია სივრცეებში. გამონაკლის წარმოადგენს საჯარო ღია სივრცეები, როგორიცაა მაგალითად პარკები. ეს ნიშნავს, მეგობრებს სასეირნოდ შეხვედრა შეეძლებათ.

ბარები უნდა დაიხუროს, თუმცა რესტორნები ღია დარჩება. მესამე დონის შეზღუდვების ზონებში მოსახლეობას ურჩევენ, არ დატოვონ რეგიონი საჭიროების გარეშე.

გარდა ამისა, სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობები განიხილავენ დამატებითი შეზღუდვების საჭიროებას, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზების დახურვა. თუმცა, დამატებით შეზღუდვებში არ განიხილება მაღაზიების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვა.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება გაზრდის სიკვდილიანობას და დააზარალებს ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას.

კომენტარები