დავითგარეჯის საქმე

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: პატიმრობის 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ვითხოვთ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ პატიმრობის 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართეს.

"გუშინ შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში. ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებში, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლონ და გირაო შეუფარდონ". – ამბობს სულხან კომახიძე ტაბულასთან სატელეფონო საუბარში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

"შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!" - ამ სახელწოდებით დღეს, 10 ოქტომბერს, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: "რომ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება"

რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯისრუკები სახელმწიფოს გადასცა

მელაშვილი: ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია

ილიჩოვა: დიდი ხანია კომისიაში ვართ, კანონის წინააღმდეგ ერთი ქმედებაც არ განგვიხორციელებია

კომენტარები