არჩევნები 2020

ხაბეიშვილი: სამგორში ქართული ოცნების წევრები საჯარო მოხელეებს ხმის მიცემას აიძულებენ

ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში, ლევან ხაბეიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მიერ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების შანტაჟზე საუბრობს და ქართული ოცნების აგიტატორისა და საჯარო მოხელის საუბრის ჩანაწერს ავრცელებს. ხაბეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ პირველი კარდაკარის შედეგებით ნახა, რომ არჩევნებს აგებს. ამის შემდეგ კი აგიტატორებს საჯარო მოხელეების სიის შედგენა მოსთხოვა, რათა ხმა იძულებით მიაცემინონ

"ქართული ოცნება არჩევნებს აგებს. ჩანაწერი, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების სამგორის შტაბის წარმომადგენელი ქალბატონის მონაყოლს, რომ ქართულმა ოცნებამ პირველი კარდაკარის შემდეგ ნახა, რომ არჩევნებს აგებენ.

ამის შემდეგ სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბიდან მიიღეს დავალება, რომ მიიტანონ სია, სადაც კონკრეტული ადამიანები იქნებიან აღნიშნული სამსახურის მიხედვით – ანუ ვინ მუშაობს საჯარო სამსახურში. იმისთვის, რომ საჯარო სამსახურებში ეს ადამიანები დააშანტაჟონ, დაემუქრონ და იძულებით ხმა მიაცემინონ ქართული ოცნებისთვის". – თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ასევე ითხოვს სამგორის რაიონის შტაბის ხელმძღვანელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასაც.

"ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა, სამგორის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი, რევაზ სოხაძე მიცემულ იქნეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. იმიტომ, რომ ის ქართული ოცნების შტაბის სხვა წევრებს ავალებს და აიძულებს მიუტანონ საჯარო მოხელეების სია, რომლებსაც შემდეგ "დააკაჩავებენ" კონკრეტულ სამსახურებში". – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ასევე მიმართავს ქართული ოცნების აგიტატორებს და ამბობს, რომ მათ იყენებენ და პასუხისმგებლობა პარტიის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის სოზარ სუბარს ეკისრება.

"თქვენ გიყენებენ, მაგრამ მინდა, იცოდეთ, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ არა თქვენ, არამედ იმ ხელმძღვანელ პირებს სამგორის რაიონში, ვგულისხმობ სოზარ სუბარს და შტაბის ხელმძღვანელს სამგორის რაიონში რევაზ სოხაძეს, რომლებიც ასეთ უკანონო დავალებებს გაძლევენ". – თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ქართული ოცნების წევრი საუბარში ამბობს, რომ პარტიას მოხელეების სია სჭირდებათ, "რომ მივიდნენ სამსახურში და დაამუშავონ".

"წინაზე რომ დაითვალეს, ვერ იგებდნენ, ძალიან ცუდი სიტუაცია ჰქონდათ. მერე ამოკრიფეს სამთავრობო სამსახურებში ვინც მუშაობს, რომ მივიდნენ სამსახურში და დაამუშაონ". – ამბობს ჩანაწერში ქართული ოცნების აგიტატორი.

ლევანხაბეიშვილმა შესაბამის სამსახურებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები