დავითგარეჯის საქმე

ვოლსკი მელაშვილის და ილიჩოვას საქმეზე: ვფიქრობ, პასუხისმგებელ ადამიანთა წრე გაიზრდება

ტაბულა

"ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი". - ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ თუ მათი დანაშაული დამტკიცდება, შესაძლოა, პასუხისმგებელი პირების წრე გაიზარდოს. 

"თუ ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც, სავარაუდოდ, გვაქვს საქმე, თუკი ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, წრე იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც უნდა მიექცია მეტი ყურადღება, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა ასეთი ზარალი.

ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი". - ამბობს ვოლსკი. 

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

კომენტარები