კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში დადასტურდა, 179 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა, 179 კი თბილისში. 

"აჭარაში გამოვლინდა 190 შემთხვევა, თბილისში - 179, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 19, კახეთში - 11, მცხეთა მთიანეთში - 3, გურიაში - 3 და სამცხე-ჯავახეთში - 1". - თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 886 პაციენტიდან, 63-ის მდგომარეობა მძიმეა, 61 კი მართვით სუნთქვაზეა, მისივე თქმით, მძიმე პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი - ცხინვალიდან. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, 40 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 მძიმე პაციენტია, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები