დავითგარეჯის საქმე

კობახიძე ენმ-ზე: რაში უნდა გაინტერესებდეს ორკესტრირებული შტურმი, თუ რამე არ გაქვს დასამალი?

"რაში უნდა გაინტერესებსდეს პოლიტიკურ ძალას ორკესტრირებული შტურმი, რაც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი?" - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე დავითგარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.  

"საეჭვო ძალიან ბევრი რამ არის ამ მოცემულობაში, მით უმეტეს, იმ საეჭვო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. ბევრი საეჭვო გარემოებაა, აქედან გამომდინარე, თუ გაგრძელდება მათი მხრიდან ლუსტრაცია, ეს დაეხმარება გამოძიებას". - ამბობს კობახიძე. 

გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა.

კომენტარები