რუსეთი

რუსეთში აშშ-ს საელჩოს მოპირდაპირე მხარეს უცნობმა პირებმა პუტინის მისალოცი ბანერი გამოფინეს

Mash

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მოპირდაპირე მხარეს უცნობმა პირებმა პუტინის მისალოცი ბანერი გამოფინეს.

ბანერზე ინგლისურად წერია - "დაბადების დღეს გილოცავთ, ნომერ პირველო პრეზიდენტო". ბანერზე ვხედავთ პუტინს, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია.

ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ტელეგრამის გვერდზე, Mash-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც The Moscow Times წერს, სავარაუდოდ, ამ გვერდს კავშირი აქვს რუსეთის უშიშროების სამსახურთან.


ფოტო: Mash

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტების ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრებმა რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დღეს, 7 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვიდეო კონფერენციისას მოახსენა, რომ თეთრ ზღვაში მდებარე ხომალდიდან წარმატებით გამოსცადეს ახალი ზებგერითი რაკეტა "ცირკონი".

დღეს პუტინს 68 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, 2020 წლის 7 ოქტომბერს 14 წელი გადის რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან.

კომენტარები