ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 259 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი, 280 გამოჯანმრთელებული

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ბოლო 24 საათში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი გარდაცვლილი 65 წლის ქალია, რომელსაც თანმხლებ დაავადებებთან ერთად [შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა] კორონავირუსი, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

"პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". – წერია განცხადებაში.

მეორე გარდაცვლილი 70 წლის კაცია, რომელსაც COVID 19-თან ერთად თანმხლები დაავადებები, [მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი] ჰქონდა.

გასულ დღე ღამეში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 348 პირი, მათგან 280 აჭარაში.

აჭარაში, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 472 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 15 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში 23 პაციენტია მოთავსებული. დღეის მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 53-ია. Covid სასტუმროებში 886 პირი რჩება, მათგან არასრულწლოვანია 92.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები