კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში დადასტურდა, 111 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარაში გამოვლინდა, 111 კი თბილისში. 

"აჭარაში გამოვლინდა 259 შემთხვევა, თბილისში - 111, იმერეთში - 91, სამეგრელო ზემო სვანეთში - 25, გურიაში - 8, ქვემო ქართლში - 5, მცხეთაში - 5, შიდა ქართლში - 2 და კახეთშიც - 2". – თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 518 პაციენტიდან, 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები