არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ქართულმა ოცნებამ ზუსტად ისე უპატრონა იპოდრომს, როგორც ქვეყანას ამ 8 წელში

ლელო

პოლიტიკური გაერთიანება ლელოს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე, ამბობს, რომ ფონდი ქართუს მიერ თბილისის მერიისთვის იპოდრომის ტერიტორიის გადაცემა წინასაარჩევნოდ ადამიანების მოტყუების მცდელობაა.

"ფონდ ქართუს მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.
ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში.

ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თითქოს, ახლა შეძლებენ იპოდრომის მოვლას, ისე, როგორც გაავერანეს ლაგუნა ვერე და კიდევ არაერთი აქტივი თბილისსა და მთელ საქართველოში". – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია თბილისის მერიას გადასცა 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელდა. დღეს, 6 ოქტომბერს მერიამ ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. 

კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. 

ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი. 

კომენტარები