სომხეთის საელჩო საქართველოში

სომხეთის საელჩო: ინფორმაცია, რომ საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას აფერხებს, სიცრუეა

სომხეთის საელჩო საქართველოში / Facebook

საქართველოში სომხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს დეზინფორმაციის შესახებ, რომ საქართველო სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარულ დახმარებას არ ატარებს.

"ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო აფერხებს სომხეთში მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებასა და საწვავს სიმართლეს არ შეესაბამება.

ჰუმანიტარული დახმარებისა და საწვავის გადატანის მხრივ პრობლემა არ არსებობს!

საქართველოში სომხეთის საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან.

იმ შემთხვევაში, თუ წააწყდით რამე პრობლემას საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოში სომხეთის საელჩოს, რათა პრობლემა სწრაფად გადაიჭრას.

ამავდროულად, მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას, რადგან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს". – ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმდინარე თვეს საქართველოში სომხეთის საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მაშინ სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო ბორჯომში დაფიქსირებულ სამხედრო ტექნიკაზე და ნათქვამი იყო, რომ ის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

აშშ, რუსეთიდა საფრანგეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ და უპირობო შეთანხმებისაკენ მოუწოდებენ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ესკალაცია, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღება რეგიონის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

კომენტარები