კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით დღეს გარდაცვლილი 88 და 82 წლის პაციენტები ქუთაისსა და ბათუმში მკურნალობდნენ

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, დღეს, 5 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანი ქუთაისსა და ბათუმში მკურნალობდნენ. 

ენდელაძის თქმით, გარდაცვლილები 88 და 82 წლის პაციენტები არიან.

"გარდაცვლილი 2 პაციენტიდან, ერთი მკურნალობდა ქუთაისში, ერთი აჭარაში - ბათუმში. 88 და 82 წლის პაციენტები, თანხმლები დაავადებებით, მათი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა". –თქვა ენდელაძემ. 

დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა. 

ენდელაძის, ინფორმაციით, 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 კი თბილისში. 

"აჭარაში გამოვლინდა 416 შემთხვევა, თბილისში - 72, იმერეთში - 44, სამეგრელო ზემო სვანეთში - 23, ქვემო ქართლში - 10, გურიაში - 8, სამცხე ჯავახეთში - 3, კახეთში - 1, შიდა ქართლში - 1". – თქვა ენდელაძემ. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები