კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში დადასტურდა, 72 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, 72 კი თბილისში. 

"აჭარაში გამოვლინდა 416 შემთხვევა, თბილისში - 72, იმერეთში - 44, სამეგრელო ზემო სვანეთში - 23, ქვემო ქართლში - 10, გურიაში - 8, სამცხე ჯავახეთში - 3, კახეთში - 1, შიდა ქართლში - 1". – თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 43 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 33 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3 კი რეანიმაციაშია მოთავსებული. 

დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8696 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები