თბილისი

შსს: თბილისში ერთ-ერთ რესტორანში 2 კაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში 2 ადამიანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები