ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თანამშრომელს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს და ის COVID-სასტუმროში დაკვირვების ქვეშაა. თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს. მაუწყებლის თანამშრომელი კორონავირუსის დადასტურებამდე ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე COVID-19 დაუდასტურდათ არხის სხვა თანამშრომლებსაც, რის გამოც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ინფექციის გავრცელების დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3992 გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები