ნავალნის მოწამვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა ქვეყანამ რუსეთს ნავალნის მოწამვლაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა

ალექსეი ნავალნი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. სახელმწიფოებმა ნავალნის მოწამვლა "საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ" შეაფასეს.

​გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა და საფრანგეთმა საბჭოს ოფიციალური წერილი წარუდგინეს.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ, სრულად და გამჭვირვალედ გაასაჯაროოს ამ თავდასხმის გარემოებები და ამცნოს უშიშროების საბჭოს" - ნათქვამია წერილში.

სახელმწიფოებმა აღნიშნეს, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს უშიშროების საბჭოს განცხადების თანახმად "ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანის მიერ ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი და წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

"შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტის გამოყენება ალექსეი ნავალნის საშინელ მოწამვლაში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას". - წერია წერილში.

წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.

"წერილების შედგენის ნაცვლად, ზოგიერთმა მათგანმა უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან. ჩვენ მარტივ რამეს ვამბობთ: თუ გაქვთ ფაქტები, წარმოადგინეთ". - თქვა ვასილი ნებენზიამ.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

კრემლის მხრიდან საბრალდებო განაცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო გაზსადენ Nordstream 2-ზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

 

კომენტარები