თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებული პაციენტებიდან, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, 38 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ენდელაძის თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რაც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში აღირიცხა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





