ალექსეი ნავალნი

პესკოვმა ნავალნი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

დმიტრი პესკოვი
Shamil Zhumatov

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

"პაციენტი [ნავალნი] კი არ მუშაობს დასავლურ დაზვერვასთან, არამედ დასავლური დაზვერვა მუშაობს მასთან. ეს უფრო ზუსტი იქნება. არსებობს ასეთი ინფორმაცია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად მასთან აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ." - თქვა პესკოვმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მთავრობამ ღიად დაადანაშაულა ნავალნი უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში.

პესკოვის ბრალდებებს ალექსეი ნავალნი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა.

"პირველ რიგში, პესკოვს ვუჩივლებ. მეორე, მოვითხოვ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთან ჩემი თანამშრომლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების და ფაქტების გამოქვეყნებას. აჩვენეთ ისინი ტელევიზიით, ჩემი ნებართვა გაქვთ". - დაწერა ნავალნიმ.

კრემლის მხრიდან საბრალდებო განაცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო გაზსადენ Nordstream 2-ზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები