კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით დღეს გარდაცვლილი 78 წლის ქალი და 72 წლის კაცი ქუთაისში მკურნალობდნენ

tvalsazrisi.ge

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს, 2 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. 

ენდელაძის თქმით, ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, მეორე კი - 72 წლის მამაკაცი. 

"ერთ-ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, ჰქონდა ხორხის სიმსივნე, ორმხრივი მძიმე პნევმონია და მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. 

მეორე კი 72 წლის კაცი, მასაც ჰქონდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები დაავადებები". - თქვა ენდელაძემ. 

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, მისი თქმით, კორონავირუსის 7 093 აქტიური შემთხვევიდან თანმხლები დაავადებები სხვებსაც სჭირთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ იციან როდის შეიძლება დამძიმდეს ეს დაავადება. 

"თანხმლები დაავადება როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 7093 პაციენტიდან მხოლოდ 41-ს ჰქონდა? მაგრამ ვის გაურთულდება, სად გაურთულდება არ ვიცით, ამიტომ უნდა ვიყო სიფრთხილით". - თქვა ენდელაძემ. 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები